saqarTvelos tbebi - abanos mineraluri tba

მდებარეობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°35`29` ჩ. გ. 44°25`32` ა. გ.
ფართობი 0.0004 კმ²

 

ბუნებრივი წარმოშობის მინერალური ტბა საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრუსოს ხეობაში, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე, სოფელ აბანოს აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 2300 მ სიმაღლეზე. ფართობი 0,04 ჰა. ნახშირორჟანგიანი აღმავალი წყარო ზედაიურული კარბონატული ქანებიდან დედამიწის ზედაპირზე ამოსვლის ადგილას ქმნის პაწია ტბას, რომელიც შფოთიანად, ხმაურით „დუღს“, ნახშირორჟანგა აირის ბუშტებისაგან. წყალი მიეკუთვნება ჰიდროკარბონატულ-სულფატურ-კალციუმიან ტიპს. აირის წნევის ძალით წყალი აიტყორცნება 10-15 სმ სიმაღლეზე. ტბის ზედაპირს საამური ლაჟვარდი ფერი აქვს, კარგად მოჩანს თერგის გაღმიდანაც. წყაროს დებიტია 2,5 მლნ. ლიტრი დღე-ღამეში. აირის გამოყოფა უქარო ამინდში ჰაერის ქვედა ფენებში ნახშირორჟანგის დაგროვებას იწვევს. პატარა ცხოველები ტბასთან მიახლოებისას იღუპებიან და ამიტომ აქ ყოველთვის შეიძლება შეგვხვდეს დაღუპული თაგვების, ხვლიკების, ბაყაყებისა და ჩიტების გვამები. უახლოესი დასახლებული პუნქტებია სოფელი კეტრისი და სოფელი აბანო, სადაც მოსახლეობა სეზონურად ცხოვრობს, შედარებით მოშორებულია სოფელი კობი. აბანოს მინერალური ტბა ბუნების ძეგლია და შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.